თქვენს ვებ-ბრაუზერს ან არ აქვს JavaScript-ის მხარდაჭერა, ან სკრიპტების გამოყენება დაბლოკილია!

მრავალპროფილური სამედიცინო-დიაგნოსტიკური

ცენტრი

თრომბოემბოლიური სინდრომი

თრომბოემბოლიური სინდრომი

თარიღი: 2019-05-17

დათვალიერება: 6183

თრომბოემბოლიური სინდრომი ანუ დაავადება სხვადასხვა არტერიაში ემბოლიების განმეორებით წარმოშობას გულისხმობს. გამოწვეულია თრომბების წარმომშობი კერის არსებობით.

თრომბით არტერიის სრულ დახშობას მედიცინაში თრომბოემბოლია ეწოდება. ამ დროს სხეულის იმ უბანს, რომელსაც ეს სისხლძარღვი კვებავს, სისხლის მიწოდება უწყდება. შედეგად ჯერ ქსოვილების მწვავე იშემია ვითარდება, მერე კი ინფარქტი - სისხლის მიწოდების შეწყვეტის გამო ორგანოს ან მისი ნაწილის კვდომა (ნეკროზი), რასაც განსაზღვრული ნიშნები ახასიათებს.

კიდურის არტერიის თრომბოემბოლია

კიდურის არტერიის თრომბოემბოლიის დროს ავადმყოფი შეიგრძნობს კიდურის უეცარ, ძლიერ ტკივილს, რომელიც მათრახის დარტყმას მოგვაგონებს და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებითაც კი ძნელად იხსნება. კიდური ფითრდება, ცივდება, მასზე არტერიის პულსაცია ქრება, ვენები ჩაიჩუტება. კუნთები პალპაციისას ძლიერ მტკივნეულია. კიდურის მოძრაობისას ტკივილი ძლიერდება. მალე მტკივან არეზე შეხების შეგრძნება ქრება. ტკივილი შეიძლება შემცირდეს, რაც უკეთესობის ცრუ შეგრძნებას ბადებს. თანდათან კანი მარმარილოსებრ შეფერილობას იღებს, ცივდება. კუნთები აღარ იკუმშება. მოგვიანებით ვითარდება ქსოვილების ნეკროზი.

ამგვარი სურათის განვითარებისას ადამიანმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ანგიოლოგს (სისხლძარღვთა სპეციალისტს).

კიდურის არტერიის თრომბოემბოლიისას საჭიროა სასწრაფო ოპერაცია, რომლის დროსაც სპეციალური, გასაბერბალონიანი კათეტერით არტერიიდან ემბოლს იღებენ და სისხლძარღვის განვლადობას აღადგენენ. კიდურის არტერიის თრომბოემბოლიის ეფექტური მკურნალობისთვის დროის ფაქტორი გადამწყვეტია. შედეგები საუკეთესოა, როცა სისხლის მიმოქცევა დაავადების დაწყებიდან 6 საათში აღდგება. 12 საათის შემდეგ კიდურის გადარჩენა - ასიდან 60 შემთხვევაში, ხოლო 24 საათის შემდეგ მხოლოდ 20 შემთხვევაშია შესაძლებელი. თუ ნეკროზი უკვე განვითარდა, კიდურის ამპუტაცია (მოკვეთა) გარდაუვალია.

ექიმის მოსვლამდე პაციენტი ასე უნდა მოიქცეს:

მიიღოს ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმის მომხსნელი პრეპარატები (ნო-შპა, პაპავერინი);

არ დაიდოს მტკივან კიდურზე თბილი.

ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია

თუ თრომბმა ფილტვის არტერია დაახშო, განვითარდება ფილტვის ინფარქტი. დათრომბილი სისხლძარღვის დიამეტრის, რაოდენობისა და მდებარეობის, ფილტვისა და გულის საწყისი მდგომარეობის კვალობაზე, ის სხვადასხვაგვარად გამოვლინდება.

ფილტვის ინფარქტის ნიშნები უმეტესად ასეთია:

ქოშინის უეცარი აღმოცენება ან უეცარი გაძლიერება;

გულმკერდის ტკივილი;

კანის მოლურჯო (ციანოზური) სიფერმკრთალე;

გულის რიტმის დარღვევა (გულისცემის გახშირება - ტაქიკარდია, მოციმციმე არითმია, ექსტრასისტოლები, რასაც ხალხში ხშირად გამოვარდნებს უწოდებენ);

არტერიული წნევის დაქვეითება;

სხეულის ტემპერატურის მომატება, ხველა ლორწოვანი ან სისხლიანი ნახველით, რაც ბაქტერიული ინფექციის თანდართვის გამო ინფარქტ-პნევმონიის განვითარების მაჩვენებელია.

ფილტვის ინფარქტის უმთავრესი მიზეზია ქირურგიული ჩარევა, მშობიარობის შემდგომი პერიოდი, გულის უკმარისობა, მოტეხილობა, ავთვისებიანი სიმსივნე, ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი. ასეთი მდგომარეობისას ექიმები ყოველთვის ამახვილებენ ყურადღებას ფილტვის ინფარქტის პროფილაქტიკაზე.

გახსოვდეთ, ფილტვის ინფარქტის მკურნალობა დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე იწყება, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

თირკმლის არტერიის თრომბოემბოლია

თირკმლის ინფარქტი თრომბით თირკმლის არტერიის დახშობისას ვითარდება და ხშირია ენდოკარდიტის, გულის მანკის, ზოგჯერ - მიოკარდიუმის ინფარქტის დროს.

თირკმლის ინფარქტის დროს თავს იჩენს მკვეთრი, უეცარი, ძლიერი ტკივილი წელისა და მუცლის არეში, სხეულის ტემპერატურის მომატება, ხორცის ნარეცხისფერი შარდი (მასში სისხლის არსებობის გამო). ამ სიმპტომების გამო ბევრს ჰგონია, რომ კენჭის გავლა აქვს.

თუ ამგვარ ჩივილებს ადრე არასოდეს შეუწუხებიხართ, ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას. უმჯობესია, დიაგნოსტიკისთვის სამედიცინო დაწესებულებას მიმართოთ.

ჯორჯლის არტერიის თრომბოზი

ჯორჯლის არტერია ნაწლავის მკვებავი სისხლძარღვია. მისი თრომბოზი უმეტესად გვხვდება მამაკაცებს შორის, მოციმციმე არითმიის დროს. მუცლის არეში უეცრად აღმოცენდება ძლიერი ტკივილი. ნაწლავის ინფარქტის პროგრესირებისას იმატებს სხეულის ტემპერატურა, ხშირდება პულსი, იკლებს არტერიული წნევა. ადრე თუ გვიან ვითარდება დანეკროზებული ნაწლავის პერფორაცია, რასაც პერიტონიტი მოსდევს.

ქირურგიული მკურნალობა განგრენისა და პერფორაციის აღმოცენებამდე უნდა დავიწყოთ, ამიტომ ექიმის დროულ კონსულტაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ინსულტი

თუ თრომბმა ტვინის მკვებავი სისხლძარღვი დაახშო, განვითარდება იშემიური ინსულტი - თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, რომლის სიმპტომებიც 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება. იშემიურ ინსულტს სხვაგვარად (მიოკარდიუმის ინფარქტის ანალოგიით) ტვინის ინფარქტს უწოდებენ.

თუ არტერიის განვლადობა აღდგა, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის სიმპტომები შესაძლოა 24 საათში უკუგანვითარდეს. ამგვარ შემთხვევებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალ მოშლას უწოდებენ.

სამწუხაროდ, ასეთი რამ იშვიათია. უმეტესად ვითარდება ინსულტი, რომელიც თავის ტვინის ფუნქციების საკმაოდ მდგრად მოშლას იწვევს. ის სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვაგვარად გამოიხატება და დროთა განმავლობაში, ჩვეულებრივ, უკეთესობისკენ იცვლება, მაგრამ არის საპირისპირო შემთხვევებიც.

ინსულტის პირველი სიმპტომებია უეცრად განვითარებული:

ზედა და/ან ქვედა კიდურის სისუსტე;

ზედა და/ან ქვედა კიდურის დაბუჟება;

მეტყველების და/ან მისი აღქმის დარღვევა;

თავბრუხვევა, კოორდინაციის, წონასწორობის დარღვევა;

გონების დაკარგვა;

ძლიერი თავის ტკივილი, რომელიც სტრესის ან მძიმე ფიზიკური დატვირთვის შედეგად ან უმიზეზოდ აღმოცენდება;

ტუჩის ან ნახევარი სახის დაბუჟება, სახის მოღრეცა.

ძალიან იშვიათად ინსულტი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

თუ რომელიმე აღწერილი ნიშანი შეამჩნიეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. არ დაგავიწყდეთ - ეს ტვინის დაზიანების სიმპტომებია. ინსულტის შედეგი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული დროულ მკურნალობაზე.

ინსულტის შედეგები

თავის ტვინი მთელ ორგანიზმს მართავს. მისი გარკვეული უბანი პასუხისმგებელია ხელის, ფეხის მოძრაობაზე, მეტყველებაზე და ასე შემდეგ. ამის გამო ინსულტის შედეგი დიდწილად არის დამოკიდებული იმ გარემოებაზე, რომელ უბანს კვებავს დახშული სისხლძარღვი. ამა თუ იმ ფუნქციის დარღვევის ხარისხს ტვინის დაზიანებული უბნის ანუ დაზიანების კერის მოცულობა განსაზღვრავს.

ინსულტის შედეგად შეიძლება აღმოცენდეს კიდურის დამბლა (მოძრაობის სრული არარსებობა) ან პარეზი (მოძრაობის შეზღუდვა), მეტყველების მოშლა, სხვისი მეტყველების აღქმის დარღვევა, პაციენტმა შესაძლოა დაკარგოს კითხვისა და წერის უნარი, შეხებისას ვერ ცნობდეს საგნებს, ვერ გრძნობდეს სიცივეს, სითბოს, ტკივილს, არ ჰქონდეს სივრცეში ორიენტაციის უნარი, დაერღვეს მეხსიერება, მხედველობა, ყლაპვა, სუნთქვა, მოძრაობის კოორდინაცია. დროული მკურნალობა ზიანის შემცირების ერთადერთი გზაა.

მიოკარდიუმის ინფარქტი

გულის კუნთს სისხლით გვირგვინოვანი ანუ კორონარული არტერიები ამარაგებს. თუ კორონარული არტერიის სანათური თრომბით დაიხშო, გულის კუნთის ნეკროზი ანუ მიოკარდიუმის ინფარქტი განვითარდება.

როგორ ვლინდება მიოკარდიუმის ინფარქტი?

ტიპურ შემთხვევებში ინფარქტის დროს თავს იჩენს ძლიერი ტკივილი გულის საპროექციო არეში - მკერდის ძვლის უკან, ოდნავ მარცხნივ. შეგრძნება 30 წუთზე მეტხანს, ზოგჯერ საათობითაც კი გასტანს. ნიტროგლიცერინის განმეორებითი მიღება ტკივილს არ ხსნის.

არსებობს მიოკარდიუმის ინფარქტის ატიპური ვარიანტებიც:

ზოგჯერ ინფარქტი მუცლის ტკივილით ვლინდება. მას ერთვის გულისრევა, ღებინება. კლინიკური სურათი შესაძლოა მწვავე ქირურგიული დაავადებისას ჰგავდეს.

ინფარქტი შესაძლოა კარდიული ასთმის შეტევით დაიწყოს. ამ დროს პაციენტს შეტევითი ქოშინი აღენიშნება. გულის რიტმის სხვადასხვა სახის დარღვევა ინფარქტის არითმიული ფორმის დროს გვხვდება.

ინფარქტის ცერებროვასკულური ფორმისას წინა პლანზე თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლისთვის დამახასიათებელი ნიშნები წამოიწევს.

ზოგჯერ, განსაკუთრებით - შაქრიანი დიაბეტის დროს, შესაძლოა აღმოცენდეს ინფარქტის უმტკივნეულო ფორმა. ამ დროს ყურადღებას იპყრობს პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გაუარესება. ამგვარ შემთხვევებში პაციენტს დიაგნოსტიკისთვის საჭირო გამოკვლევები რამდენიმეჯერ უნდა ჩაუტარდეს.

რჩევა:

თუ გულის არეში ტკივილი აღმოცენდა, ენის ქვეშ დაიდეთ ნიტროგლიცერინის აბი.

თუ ნიტროგლიცერინის ტაბლეტი არასოდეს მიგიღიათ, უმჯობესია, ის მწოლიარემ დაიდოთ ენის ქვეშ.

თუ 5 წუთის შემდეგ ტკივილი არ დაცხრა, შეგიძლიათ, ხუთწუთიანი ინტერვალით ნიტროგლიცერინი კიდევ ორჯერ მიიღოთ.

თუ ტკივილი გულის არეში 15 წუთი მაინც გაგრძელდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

სიახლეები

ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა